მილანის ვერტიკალურ ტყეში განთავსებული აპარტამენტის დეკორი

იტალიური მოდის სახლის Trussardi კრეატიული დირექტორის, გაია ტრუსარდის მილანური აპარტამენტი მრავალ არქიტექტურული ჯილდოს მფლობელ Bosco Verticale-შია განთავსებული. კომპლექსი ორი მაღალსართულიანი შენობისგან შედგება და ითავსებს ერთი შეხედვით  აბსოლუტურად ერთმანეთთან არათავსებად რამეს – რკინა-ბეტონის კონსტრუქციასა და ტყის ეკოსისტემას.

bosco verticale

უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც ერთდროულად ახალ და ძველ  მილანზე აქვს ხედი, იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ დააპროექტა და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზად ჩაითვალა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. დერეფნებში, აივნებზე, სადარბაზოებში, ფასადებსა და სახურავებზე ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეების ნაირსახეობა იზრდება და ხარობს.

„დავიღალე ბურჟუაზიული მილანით“, –  გაია ტრუსარდი

თავად გაია ტრუსარდიც სუფთა ჰაერივითაა საუკუნოვანი ბრენდისთვის, რომელიც ახლა უკვე მისის ხელმძღვანელობის ქვეშაა. დიდი ბაბუის, დანტეს მიერ 1911 წელს დაფუძნებული ბრენდი, თავად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებსაც კი ითვლის  მუდმივ მომხმარებლებს შორის. 

Trussardi ოჯახური ბიზნესია. გაიას დედა კომპანიის პრეზიდენტია, ძმა კი, აღმასრულებელი დირექტორი. ახლა მათ უკვე გაიაც შეურთდა ტოპმენეჯერის პოზიციაზე. მას დიდი მიზნები აქვს – გაიას სურს შეცვალოს ბრენდის ხედვა და მიმართულება კლასიკურ-ტრადიციულიდან თანამედროვე მოტივებზე გადაიყვანოს, თუმცა არ აპირებს ბრენდს დაუკარგოს იდენტობა – ელეგანტურობა. ის, რაც ბრენდს საუკუნის განმავლობაში სდევდა.

გაია ტრუსარდი აღნიშნავს, რომ თავიდან ამ სახლის იდეა ბევრს არ მოსწონდა, ვინაიდან იგი ნოვატორულია, სიახლეები კი ზოგადად, ხალხს აშინებს. თუმცა, დღეს Bosco Verticale  ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა – ბევრი შეყოვნდება აქ და ტკბება სახლით, ასევე ბევრი ფოტოგრაფის ობიექტივშიც მოქცეულა ეს კომპლექსი. ახალგაზრდა დიზაინერი ამ სახლის არქიტექტურამ მოხიბლა.

ცვლილებები მჭირდებოდა – და მე ის ამ სახლში ვიპოვე. დავიღალე ბურჟუაზიული მილანით, ტიპური არისტოკრატიული სახლებითა და ტრადიციული კლასიკური დიზაინით. საწინააღმდეგო რა თქმა უნდა არაფერი მაქვს, თუმცა სხვა კომფორტი, ლამაზი ხედი და ბუნება მჭირდებოდა. ეს ყველაფერი კი აქ არის. 

გაია ტრუსარდი ხელოვნების საკმაოდ დიდი კოლექციით გამოირჩევა. ხელოვნების მიმართ ინტერესი მშობლებმა პატარა ასაკიდანვე გაუჩინეს. თუმცა ტრუსარდის ძველი და ახალი თაობების გემოვნებები ერთმანეთისგან განსხვავდება. გაიას დედას, მარია ლუისას ყოველთვის აინტერესებდა თანამედროვე ხელოვნება: კირიკო, ბეკონი. მამას, ნიკოლა ტრუსარდის კი ახალი ტალანტების აღმოჩენა უყვარდა, რომლებიც შემდეგ მისი განუყრელი მეგობრები ხდებოდნენ. როგორც ცნობილია ნიკოლა ტრუსარდი ძალიან დიდ დროს ატარებდა არნალდო პომოდოროსთან, კოდრესთან და სხვა მოქანდაკეებთან ერთად.

გაია ტრუსარდის აპარტამენტში იპოვით დელ პეცოს ნამუშევრებს. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მას ძალიან მოსწონს სამყაროს მისეული აღქმა, გეომეტრიული ფიგურების უსასრულობა და ვარსკვლავები. მისი ნამუშევრები ჯორჯო კირიკოს ახსენებს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულნი არიან. ამ ფერწერის პირველადი ფერები მთლიანად სახლის ინტერიერს ეხმაურება.

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ესა თუ ის ნამუშევარი დეკორთან არაფერ შუაშია. ინტერიერში ისეთ ნივთებსაც იპოვით, როგორიცაა ბებიის ჭაღი ან დივანი, რომელიც ნიკოლა ტრუსარდის დიზაინითაა შექმნილი. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ამ აპარტამენტში ხედავთ, ეკლექტურია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან სწორი და ცოტა პედანტურიც. მოკლედ, ეს არც ვიქტორიანული ან 1950-იანების სტილია, და მათ შორის – არც ბაუჰაუზია. 

„იზოლაცია, ბუნებასთან ურთიერთობა, სიწყნარე – ეს ის არის, რისგანაც ამ წუთში ვიღებ ინპირაციას. შესაძლოა ეს დროებითიც იყოს...“ 

სასადილო ოთახში, მწევრის ქანდაკება წარმტაცი ხედით ტკბება. მწევარი – სიმარჯვისა და ენერგიის წყარო, 1973 წელს ბრენდის ლოგოდ იქნა შერჩეული. 

დიზანერმა ბოლო 15 წლის განმავლობაში ბევრი სახლი გამოიცვალა. მას არ სურს, რომ მისი შვილები ერთ სახლზე ან ერთ გარკვეულ ადგილზე იყვნენ მიჯაჭვულნი.სურს იმ იდეით გაიზარდოს, რომ სახლი შეგიძლია აიშენო იქ, სადაც გინდა. დიზაინერი არ გამორიცხავს, რომ ეს სახლი მისი დროებითი ნავსაყუდელია.

ზევით