#მოგზაურობა

მე მოგზაური: ჩემი პირადი სამოთხე გრან-კანარია

გაზიარება:

ავტორი: ნინიშა სილაგაძე

 

მოგზაურების ცხოვრებაში არსებობს ერთი ჯადოსნური მომენტი, როდესაც ახალ თავგადასავალში ფეხის შედგმისთანავე ხვდები, რომ ამ ადგილს ისე ძალიან შეიყვარებ, რომ უკან ძალიან, ძალიან მალე დაბრუნდები და ყველა მოგონებას და ემოციას ხელახლა აუცილებლად განიცდი. ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტი უკვე დადგა და კუნძული გრან-კანარია 1 თვის წინ თავდავიწყებით შევიყვარე.

არ ვიცი რამ უფრო მომხიბლა, კუნძულის უნიკალურმა და საოცრად მრავალფეროვანმა ლანდშაფტმა, თუ იმ ფაქტმა, რომ აქ ყოველთვის ზაფხულია, თუმცა ფაქტია, რომ ახლა აეროპორტში ვზივარ და ჩემს რეისამდე გული გამალებით მიცემს. ვიცი, ეს კუნძული იმედს არც ამჯერად გამიცრუებს და რადგან ჩასხდომამდე დრო ჯერ კიდევ ბევრია, გადავწყვიტე თქვენთვის ის დეტალები მომეყოლა, რომელთა დამსახურებითაც კანარის კუნძულებს უკვე მეორედ ვუბრუნდები.

გრან-კანარია, აგრეთვე ცნობილი, როგორც „მინიატურული კონტინენტი“, კანარის კუნძულთა არქიპელაგს მიეკუთვნება და 7 კუნძულს შორის მეორე ყველაზე დასახლებული კუნძულია. ის ატლანტის ოკეანეში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და ესპანეთის სახელმწიფოს მიეკუთვნება. სულ რამდენიმე საათი და ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ყველაზე სუსხიან ზამთარშიც კი შესაძლებლობა გაქვთ გრან-კანარიის პირად სამოთხეში: მზესა და ლაჟვარდოვან წყლებში აღმოჩნდეთ.

თუ თქვენც ისე ძალიან გიყვართ ზაფხული, როგორც მე, და მის დადგომას ყოველ წელს მოუთმენლად ელით, ერთ ხრიკს გაგიზიარებთ, რომელიც გრან-კანარიზე სტუმრობის შემდეგ აღმოვაჩინე - საკმარისია დედამიწაზე ერთი პატარა კუნძული გეგულებოდეთ და მასზე სულ რამდენიმე დღე გაატაროთ, რომ ზამთრის ყინვებით, სუსხითა და თოვლით გამოწვეული აგონია უკვალოდ გაქრება, რაღაც დროით მაინც.

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საოცარ ადამიანს - დავით შერმადინს, რომელმაც კუნძულზე გიდობა გაგვიწია და საშუალება მოგვცა გრან-კანარია მთელი თავისი დიდებულებით აღმოგვეჩინა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დავითმა შეძლო და კუნძულზე ცხოვრების წლებში, არა მხოლოდ გრან-კანარია აითვისა, არამედ ადგილობრივებს საქართველოც გააცნო. ადამიანებს, რომლებსაც ქუჩაში შემთხვევით ვაწყდებოდით, თითქმის არავის უკვირდა ჩემი წარმომავლობა, თითქოს დავითმა მთელ გრან-კანარიის მაცხოვრებლებს ერთი დიდი ვირტუალური ტური მოუწყო საქართველოში და შეაყვარა კიდეც იგი.

კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც კანარის კუნძულებზე მოგზაურობის რჩევისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ნინო ყაჭიურია - ლონდონში მცხოვრები მრჩეველი მოგზაურთათვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ სააგენტო Almont Travel-ში მუშაობს

რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ კუნძულზე ყოველთვის ზაფხულია, არ არის მისი მთავარი ღირსება. გრან-კანარის დაახლოებით მესამედი, როგორც „ბიოსფერული ნაკრძალი“ იუნესკოს მიერ გახლავთ დაცული.

ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოგზაურობის დროს საშუალება მომეცა ერთ კუნძულზე მენახა თითქმის ყველაფერი, მათ შორის ველური და ვულკანური ბუნება, ულამაზესი ქვიშის სანაპიროები და მუდმივად ცვალებადი დიუნები, რომლებიც საკუთარ თავს არასდროს იმეორებენ, ალოეს ბაღები, რომელსაც სუვენირის გარეშე არავინ ტოვებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და კანარის სხვა კუნძულებიც ჰორიზონტზე, რომლებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მოწმენდილი ცის დროს ჩანს.

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე გრან-კანარიზე ლაშქრობით დაიწყო. დილაადრიან კუნძულის დასალაშქრად გავემართეთ და დაპირებული ზღაპრული სანახაობის იმედად შეუსვენებლად ვიარეთ აღმართები, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნანახმა, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ეს იყო ენით აღუწერელი მშვენიერება, რომლის სილამაზეც თქვენამდე განახევრებულად - ფოტოსურათების საშუალებით მოვიტანე.

P.S გრან-კანარია ჯერ კიდევ აღმოსაჩენია, თვალი ადევნეთ ჩემს Instagram გვერდს და ერთად გადავეშვათ ახალ თავგადასავლებში, რომელთა შესახებაც მოგვიანებით აუცილებლად გიამბობთ.

ზევით