#მოდა

ჯანი ვერსაჩეს მემკვიდრეობა და სუპერმოდელების ფენომენი

გაზიარება:

ჯანი ვერსაჩემ თანამედროვე მოდას ნათელი ფერები, სექსუალურობა, ინდივიდუალურობა და როკ-ენ-როლი შემატა. 1970-იან წლებში, მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ჯანიმ ზუსტად იცოდა როგორ უნდა შეეცვალა ქალების გარშემო გაჩენილი სტერეოტიპები. ჯანის ღრმად სწამდა, რომ ტანსაცმლის დიზაინერის მთავარი მოვალეობა - წესების დარღვევა და ბარიერების გადალახვა იყო.

თუმცა, ნამდვილი გადატრიალება მოდის სამყაროში 1980-იან წლებში მოხდა, როდესაც ვერსაჩე დარწმუნდა, რომ ქალები მეტად გაბედულები გახდნენ და მათ აღარ სჭირდებოდათ მამაკაცებთან გატოლება, არც მათ მსგავსად შემოსვა. ჯანი ვერსაჩეს დამსახურებით, power suit-ები მოხდენილმა პიჯაკებმა და მოკლე კაბებმა ჩაანაცვლეს. 

Versace-ს სამოსით იმოსებოდნენ მადონა, შერი, ტინა ტერნერი და პრინცესა დიანაც კი. დიზაინერისთვის ქალი ქალღმერთს წარმოადგენდა, ლამაზი სამოსი კი მხოლოდ მისი ამაღლების ერთ-ერთი გზა გახლდათ. ჯანის თითოეული ჩვენება მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და რა გასაკვირია, რომ 1991 წელს სამყაროს "სუპერმოდელების" დაბადება წამითაც კი არ გამორჩენია.

დღე, როდესაც ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და კრისტი ტარლინგტონი ერთად გამოჩნდნენ პოდიუმზე, მოდის სამყარო სამუდამოდ შეიცვალა და აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორც ადრე. სუპერმოდელები ვერსაჩეს ჩვენებაზე დაიბადნენ და მოდის სამყაროს ათწლეულების განმავლობაში მართავდნენ.

ჯანი ვერსაჩე თითოეულ სუპერმოდლს დედოფლებივით ეპყრობოდა, მათ უზარმაზარ ჰონორარს უხდიდა - ამაში დასარწმუნებლად ლინდა ევანგელისტას ცნობილი ფრაზის გახსენებაც კმარა, იმის თაობაზე, რომ ის ლოგინიდან ათიათას დოლარზე ნაკლები ჰონორარის გარეშე არ დგებოდა. ჯანის დამსახურებით, მოდელები საუკეთესო სასტუმროებში ცხოვრობდნენ, დაფრინავდნენ კერძო თვითმფრინავებით და ყოველთვის იღებდნენ საჩუქარს დაბადების დღეებზე პირადად დიზაინერისგან.

დღეს, 15 ივლისს, მოდის სამყარო ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკულად გარდაცვალების დღეს და მის მემკვიდრეობას დიდი პატივით იხსენებს, ჯანი იყო ნამვილი შემოქმედი, ინოვატორი, ბრწყინვალე გონებისა და საოცრად კეთილი სულის ადამიანი.

ზევით