ღალატი, ძალადობა, ფსიქიკური აშლილობა - დეპი/ჰერდის სასამართლო პროცესის დეტალები

58 წლის მსახიობის ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის, ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი 12 აპრილს დაიწყო და მას შემდეგ, ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდში გვინახავს. ჯონი დეპმა 2019 წელს ამერიკის სასამართლოს ამბერის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მას ცილისწამებაში დასდო ბრალი, საქმე ერთი წლით ადრე, The Washington Post-ში, ჰერდის მიერ გამოქვეყნებულ ოპ-ედს ეხებოდა, რომელშიც მსახიობმა თავი ოჯახში ძალადობის მსხვერპლად გააცნო მკითხველს.

მიუხედავად იმისა, რომ ამბერ ჰერდს ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი არ უხსენებია, მარტივი მისახვედრი იყო, რომ მსახიობი ყოფილ მეუღლეზე საუბრობდა. დეპის თქმით გამოქვეყნებული სტატია გახდა მისი კარიერის დასამარების მიზეზი და ამ ზარალის ასანაზღაურებლად ის ამბერისგან 50 მილიონ დოლარს მოითხოვს.

ბოლო 6 კირის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი სკანდალური ჰედლაინების მთავარი საბაბი ყოველი მომდევნო პროცესის შემდეგ უფრო და უფრო აქტიურად ხდება. ჩვენ მოვისმინეთ მხარეების აქტიური ბრალდებები, აუდიოჩანაწერები, მომსწრე გავხდით ძალადობრივი ტექსტური შეტყობინებებისა და ღალატის ბრალდებისაც კი, ამ დიდ ქაოსში, რომელსაც დეპი-ჰერდის სასამართლო პროცესის სახელით ვიცნობთ, გარკვევას თქვენთან ერთად ვეცდებით.

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ისტორიის დასაწყისი

ჯონი დეპმა და ამბერ ჰერდმა ერთმანეთი 2009 წელს The Rum Diary-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც მსახიობები შეყვარებულების როლს თამაშობდნენ. იმ პერიოდში დეპიც და ჰერდიც სხვა სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ამიტომ მათი საერთო ისტორია 3 წლის შემდეგ 2012 წელს იწყება. კიდევ 3 წელი დასჭირდა წყვილს იმისათვის, რომ მათი ურთიერთობა ოფიციალურად დაედასტურებინა, თუმცა 15 თვეში ჰერდმა განქორწინება მოითხოვა და დეპის წინააღმდეგ დროებითი აღკვეთის ორდერიც მიიღო.

ამბერი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯონის წარმომადგენლებმა ეს ბრალდება უარყვეს, ჯონი ამტკიცებდა, რომ ამბერი ამ ყველაფერს ფინანსური სარგებლის მისაღებად იგონებდა. განქორწინების პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდა, გამარჯვება და სასამართლოს გზით მიღებული 7 მილიონი დოლარი ამბერ ჰერდს ხვდა წილად, რომელიც მსახიობის თქმით ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.

განქორწინების დასრულების შემდეგ, წყვილმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ყოფილი წყვილი მათ კავშირს ზოგჯერ არასტაბილურს უწოდებდა, თუმცა იმავდროულად აცხადებდნენ, რომ ის ყოველთვის სიყვარულით იყო დაკავშირებული.

2022 წლის სასამართლო პროცესი

თითქოს დეპისა და ჰერდის ისტორია, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარე იმ სასამართლო პროცესით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. როგორც მოგახსენეთ, 2018 წელს ამბერის მიერ გამოქვეყნებული ოპ-ედისთვის სარჩელი ამჯერად ჯონი დეპმა შეიტანა და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესიც დაიწყო.

19 აპრილს, ჯონი დეპმა დეტალურად აღწერა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით სავსე ბავშვობა და მშობლებთან დაპირისპირება, შემდეგ კი პარალელი ამბერ ჰერდთან ქორწინებასთან გაავლო. ჯონმა ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, სიმართლე რომ ითქვას, ბოლო 6 კვირის განმავლობაში ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ადანაშაულებენ ფიზიკურ ძალადობაში და ორივე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, როდესაც საქმე კონფლიქტის ინიციატორზე მიდგება.

ძალიან ბნელი იუმორი

შოკისმომგვრელი იყო ამბერ ჰერდის დაცვის გუნდის მიერ, ჯონი დეპის ჯვარედინი დაკითხვის დროს განხილული ძალადობრივი ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც დეპი მეგობარს უგზავნიდა. ამ შეტყობინებებში მსახიობი ყოფილ ცოლს ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, როგორიცაა „დამპალი გვამი“ და „გარყვნილი ბოზი“.

ამ ბრალდებების პასუხად ჯონმა განაცხადა: „ხანდახან ტკივილს უნდა გავუმკლავდეთ იუმორით, ზოგჯერ კი ბნელი, ძალიან ბნელი იუმორით“.

დაზიანებული თითი

კიდევ ერთი სკანდალური განცხადების ავტორი ამჯერად ჯონი დეპი გახლდათ, მან განაცხადა, რომ 2015 წლის მარტში, ბარში ჩხუბის დროს, მას ამბერ ჰერდმა არყის ბოთლი ესროლა, რის შემდეგაც მან მარცხენა შუა თითის ნაწილი დაკარგა, რომელიც მოგვიანებით მზარეულმა იპოვა.

„თავიდან ტკივილი არ მიგრძნია, მხოლოდ სიმხურვალე, როდესაც ქვემოთ დავიხედე, მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ თითი გამეჭრა, საკუთარ ძვალს ვხედავდი“ - განაცხადა ჯონი დეპმა

ღალატის ბრალდებები

სასამართლო პროცესზე გაისმა ღალატის ბრალდებაც, რომელიც ამბერისკენ იყო მიმართული. ჯონი დეპი ჩვენების მიცემის დროს ამტკიცებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ჯერ კიდევ ქორწინებაში ყოფნის დროს ღალატობდა მსახიობს. ჯონმა სასამართლოზე ვიდეომასალაც წარადგინა, რომელშიც ილონ მასკი ფიგურირებს და როგორც ჩანს, წინ ჯერ კიდევ უამრავ დეტალს შევიტყობთ მილიარდერისა და ამბერის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მოსალოდნელია, ამბერის სასარგებლოდ ჩვენებას მასკი უახლოეს მომავალში მისცემს.

ფსიქიკური აშლილობა

თუმცა ეს ყველაფერი, რაც უკვე მოგიყევით ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, რაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე ხდება. აუდიოჩანაწერები, ფოტო და ვიდეომასალა იმაზე მიუთითებს, რომ ორივე ბრალმდებელი (სხვადასხვა დროს) აქტიურად იღებდა ფიზიკურ უ ვერბალურ ძალადობაში მონაწილეობას, ამბერსა და ჯონს შორის იყო დაპირისპირება, დიდი უთანხმოება და შეურაცხყოფა. გუშინ სასამართლო პროცესზე, კლინიკურმა ფსიქოლოგმა შენონ კარიმ, ამბერს ჰერდის ფსიქიკურ აშლილობაზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მსახიობს ისტერიკული პიროვნული აშლილობა აწუხებს, რაც ურთიერთობაში ემოციური არასტაბილურობით ხასიათდება.


P.S. არავინ იცის, რა გველის წინ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ერთი რამ ნათელია, ისეთ ტოქსიკურ ურთიერთობაში, როგორშიც ამბერი და ჯონი იმყოფებოდნენ, შეუძლებელია რომელიმეს გამარჯვებული ვუწოდოთ.

ზევით