გაბრიელა ჰერსტის კრეატიული აქტივიზმი და ოქროს გოგოები 2023 წლის Ready-to-Wear კოლექციაში

მოდის სამყაროში არსებობენ მოდის სახლები, რომლებიც აქტივიზმს ეწევიან და მათ საპირწონედ არსებობს Gabriela Hearst-ი, გაბრიელას ჰერსტის მიერ 2015 წელს დაფუძნებული, საკუთარი სახელობის ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ინოვაციური მასალებით, მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და დახვეწილი სილუეტებით არამედ ბრენდის იდენტობის მთავარ ნაწილად ქცეული აქტივიზმით გამოირჩევა. ინდუსტრიაში გაბრიელა მდგრადი მოდის ადვოკატად გვევლინება და ყოველთვის ყოველ ჩვენებაზე, მზად არის ქალების გაძლიერებას დაუთმოს რესურსები, დრო და ყურადღება.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, გაბრიელა ჰერსტმა 2023 წლის Ready-to-Wear კოლექცია წარადგინა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ბრენდის მსოფლმხედველობას. გაბრიელამ არა მხოლოდ თავად აიმაღლა ხმა კლიმატის ცვლილებებისა და სხვა მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემების წინააღმდეგ, არამედ პოდიუმზე, სუპერმოდელების გვერდით ქალთა უფლებების აქტივისტი სესილ რიჩარდსი, მექსიკელი ჩილელი აქტივისტი ქსიე ბა და ანტიტოქსიკური შოკის სინდრომის კამპანიის მონაწილე ლორენ ვასერი გამოიყვანა.

სუპერმოდელები და მოდელები ერთი დღით პოდიუმზე Resistance Revival Chorus-ის ჰანგებზე მიაბიჯებდნენ, ქალებისა და არაბინალური მომღერლების კოლექტივის სიმღერაზე, რომლებსაც მიზნად სიხარულისა და წინააღმდეგობის გაჟღერება აქვთ დასახული.

გაბრიელა ჰერსტის 2023 წლის Ready-to-Wear კოლექცია შთაგონებული იყო ძველი ბერძენი პოეტის საფოს კრეატიული ენერგიითა და შემოქმედებით, რომელმაც საუკუნეების წინ მოჰფინა შუქი იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრება ქალებს უწევდათ.

Gabriela Hearst-ის ახალ კოლექციაში აღმოვაჩინეთ ხელით შექმნილი ჯადოქრობები, უმაღლესი ხარისხის მასალები და გაბრიელას ხელწერისთვის დამახასიათებელი ინოვაციური ტექსტურები, რომლებიც აერთიანებდა როგორც ანტი-რადიაციულ ქსოვილებს, აგრეთვე მდგრადი მოდის მასალებს.

ოქროსფერი 2023 წლის Ready-to-Wear კოლექციის დომინანტ ფერად იქცა, თუმცა მასთან ერთად ჩვენებაში ვიხილეთ თეთრისა და შავის მინიმალისტური სილუეტები და ფემინურობა, რომელიც Gabriela Hearst-ისთვის ასე ცნობილია.

ზევით