#სამეფო ოჯახი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ტრადიციები

გაზიარება:

პაბლო ლარანის უახლესმა ეკრანიზაციამ - Spencer-მა კიდევ ერთხელ მოგვცა საშუალება დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საშობაო ტრადიციებისთვის მოგვეკრა თვალი და მათი ოჯახური ვახშმით, საერთო ფოტოსურათებითა და შობის ღამეს გახსნილი საჩუქრებით ის დახურული კარი შეგვეღო, რომელიც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი.

თუმცა, პაბლო ლარანის ეკრანიზაცია სადღესასწაულო სულისკვეთების მისეული ხედვაა და რამდენიმე დეტალი ფილმში უტრირებულადაც კი გვხვდება თვალში. დღეს წარმოგიდგენთ იმ ტრადიციებს, რომლებიც სამეფო ოჯახმა ფართო საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი; მათ შორის იმ დეტალებს, თუ სად აღნიშნავენ მონარქები შობას, რას მიირთმევენ და როგორ იმოსებიან.

საშობაო ლოკაცია

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დედოფალი ელისაბედ II ტრადიციულ ადგილს დაუბრუნდა და შობის დღესასწაულს ნორფოლკში, სანდრინგემის სასახლეში ხვდება, სამეფო ოჯახს უინძორის სასახლეში შობის აღნიშვნის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. ომის პერიოდში მისი უდიდებულესობა უინძორში ხვდებოდა დღესასწაულს და მაღალი განწყობის შესანარჩუნებლად, პანტომიმასაც აწყობდა. 

The Windsor Diaries-ში დედოფლის მაშინდელი რწმუნებული, ალათეა ჰოვარდი იხსენებს იმ დროს, როდესაც უინძორის სასახლეში საშობაო ბარათებს საკუთარი ხელით წერდნენ და თეატრალურ რეპეტიციებს აწყობდნენ ახალგაზრდა პრინცესებთან ერთად.

პრინცესა მარგარეტი და პრინცესა ელისაბედი Cinderella-ს შესრულებისას, 1941 წელი.

ცნობისთვის, დედოფალმა მერიმ, ელისაბედ II-ის ბებიამ სწორედ პანტომიმური დადგმის დროს შეამჩნია პრინცესა ელისაბედისა და ედინბურგის ჰერცოგის რომანტიკული კავშირი. დედოფლის ტიტულის მიღებისა და შვილების გაჩენის შემდეგ, ელისაბედ II საშობაოდ ხშირად სტუმრობდა უინძორის სასახლეს. ეს მათ ოჯახურ ტრადიციად იქცა, სანამ 80-იან წლებში უინძორის სრული გადაკეთების პროცესში, სამეფო ოჯახს შობის აღნიშვნა ისევ სანდრინგემში არ მოუწია.

ნაძვის ხე

1848 წელს, London News-ში გამოქვეყნებული ილუსტრაცია გახდა იმის საბაბი, რომ სულ მალე ბრიტანელ საზოგადოებას სახლი მარადმწვანე ხეებით დაემშვენებინა. გრავიურაზე დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი შვილებთან ერთად სათამაშოებით მორთული ნაძვის ხის გარშემო იყვნენ შეკრებილნი.

დღესდღეობით, 20 ფუტის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი, ყოველწლიურად უინძორის სასახლეში St George’s Hall-ში იდგმება. რაც შეეხება ბუკინგემის სასახლეს, საშობაო ნაძვის ხეები Marble Hall-ში დეკემბრის დასაწყისში განთავსდება ხოლმე. მის მორთვაზე სამეფო კარის მსახურები ზრუნავენ, უკანასკნელი შტრიხები კი ნაძვის ხის მორთულობებში ყოველთვის თავად დედოფალს შეაქვს. 

საშობაო ბარათები

დედოფალ ელისაბედ II-ის რჩეულ სადღესასწაულო ტრადიციათა შორის საშობაო ბარათების გაგზავნა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დედოფლის ბარათები 750 ადამიანს ეგზავნება, საოჯახო ფოტოებითა და მილოცვით. ეს ტრადიცია მოგვიანებით უელსის, კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგებმაც გაითავისეს და პირადი საშობაო ბარათების გაგზავნა დაიწყეს. თუმცა ამ ტრადიციის სულისჩამდგმელი ელისაბედ II არ გახლავთ. სამეფო ოჯახის კიდევ ერთი სადღესასწაულო წესი დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნის, რომელმაც 1843 წელს პირველად გაგზავნა საშობაო ბარათები.

მენიუ

ტრადიციისამებრ, დედოფალი საოჯახო ლანჩს ბუკინგემის სასახლეში მასპინძლობს, სანამ ის სანდრინგემში, ოჯახის მხოლოდ რამდენიმე წევრთან ერთად 24 დეკემბერს გაემგზავრება. სწორედ სანდრინგემში ეწყობა დიდი საშობაო სუფრაც, რომლის სათავეშიც შეფმზარეული დარენ გრადი უკვე 10 წელიწადზე მეტია დგას. დარენის თქმით, საშობაო მენიუ ყოველწლიურად იცვლება, ბრიუსელის კომბოსტოს, ბეკონის და წაბლის გარნირი, ზოგჯერ ოხრახუშით და სტაფილოთი იცვლება. ამას მოყვება კარტოფილის პიურე და შემწვარი კარტოფილი, სახლში მომზადებული გრავი, საშობაო პუდინგი კონიაკის სოუსთან ერთად და მრავალი სხვა. მისი უდიდებულესობა 1500 თანამშრომელს შობის წინ რჩეულ საშობაო პუდინგს ურიგებს.

დედოფლის გარდერობი

წესისამებრ, დედოფალი ელისაბედ II 25 დეკემბერს საშობაო წირვას წმ. მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში ესწრება. სწორედ ამ დროს აქვს საზოგადოებას მის ჩაცმულობაზე დაკვირვების საშუალება. დედოფალი ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველთვის უნდა გამოირჩეოდეს ხალხის ტალღაში. სწორედ ამ მიზნით, მის უდიდებულესობას ყოველთვის ნათელი სამოსი აცვია. არც შობის დღესასწაულია გამონაკლისი: ამ პერიოდში ელისაბედ II ხშირად წითელ ფერზე აკეთებს არჩევანს.

ზევით