დღის რეცეპტი: ცისფერი სუპი ფილმიდან Bridget Jones’ Diary

შესაძლოა, ბრიჯით ჯონსი კულინარიული ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა მისი დაუდევრობა სამზარეულოში, ნამდვილი მზარეულებისთვის გამოწვევად და ინსპირაციად იქცა. რამდენად ემოციურიც არ უნდა ყოფილიყო ბრიჯითის ცისფერი სუპის მზადების სცენა, ფილმიდან Bridget Jones’ Diary, ყველას და მათ შორის მათაც კი, ვისაც კულინარიულ სკოლაში არ უვლია, კარგად მოეხსენება, რომ ჯონსის სუპი უსაფრთხო არ იყო ჯანმრთელობისთვის.

მართალია, ბრიჯითის მცდელობა კრახით დასრულდა, თუმცა მან ალტერნატიული ვარიანტი შექმნა და დღეს, ორშაბათის ამ წვიმიან საღამოს სწორედ მას წარმოგიდგენთ. ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი სპირულინასგან დღეს შევეცდებით ცისფერი ელფერი შევძინოთ ბრიჯითის პრასისა და კარტოფილის სუპს.

ინგრედიენტები: 

2 პრასი, წვრილად დაჭრილი

3 კარტოფილი გაფცქვნილი და ნაჭრებად დაჭრილი

1 ხახვი, კუბებად დაჭრილი

1 ჩ/კ სპირულინა

1 დაფნის ფოთოლი

1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი

2 ს/კ ზეითუნის ზეთი

100 მლ მცენარეული კრემი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი: 

დიდ ქვაბში დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ხახვი და პრასი. დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ მანამ, სანამ არ დარბილდება ინგრედიენტები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა დაიბრაწოს. ამის შემდეგ დაამატეთ კარტოფილი, ხახვი (უმჯობესია მთლიანად ჩააგდოთ) და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ თქვენი მასა საკმარისად არომატული არ გახდება, ამის შემდეგ კი დაამატეთ ბოსტნეულის ბულიონი.

15-20 წუთი მოხარშეთ ინგრედიენტები საშუალო ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.

სუფრასთან მიტანის წინ, ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და ხახვი, შემდეგ შეურიეთ სპირულინა და მცენარეული კრემი, რათა წვნიანი გახდეს უფრო ცოცხალი და კრემისებრი.

ზევით