დედოფალ ელისაბედის საყვარელი ბლინები, რომლის რეცეპტიც აშშ-ს პრეზიდენტს გაუზიარა

„შოტლანდიური ბლინების“ რეცეპტი, 34 წლის ელისაბედ მეორემ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დუაიტ ეიზენჰაუერს დაუწერა და რეცეპტს თან საკუთარი რჩევებიც დაურთო. ეს რეცეპტი ელისაბედ მეორის პირად კოლექციაში ინახებოდა და 2013 წელს გამოჩნდა სააშკარაოზე. „შოტლანდიური ბლინები“ ე.წ. ფენქეიქის მსგავსია, უბრალოდ ოდნავ უფრო ფუმფულაა.

ამერიკის 34-ე პრეზიდენტი, ეიზენჰაუერი ცოლთან, მარნისთან ერთად დედოფალს შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში სტუმრობდა და როგორც ჩანს, იმდენად მოეწონა სასახლის კონდიტერთა მენიუ, რომ დედოფალმა სტუმრებისთვის რეცეპტის გაზიარება გადაწყვიტა.  

„ბატონო პრეზიდენტო,

ჟურნალის დღევანდელ ნომერში თქვენი ფოტოს დანახვამ, სადაც დგახართ და მწყრის ბარბექიუს ამზადებთ, მომაგონა, რომ თქვენთვის არასდროს გამომიგზავნია ბლინების რეცეპტი, რომლის გამოგზავნასაც ბალმორალში დაგპირდით. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.

რეცეპტი გათვლილია 16 ადამიანზე; თუ უფრო ცოტა ადამიანია, როგორც წესი უფრო ნაკლები ფქვილითა და რძით ვამზადებ, მაგრამ სხვა ინგრედიენტები, როგორც წერია, ისე გამოიყენეთ.

რეცეპეტი განკუთვნილია 16 ადამიანისთვის:

ინგრედიენტები

• 4 ჩაის ჭიქა ფქვილი

• 4 სუფრის კოვზი დაფხვნილი შაქარი

• 2 ჩაის ჭიქა რძე

• 2 ცალი კვერცხი

• 2 ჩაის კოვზი სოდა

• 3 ჩაის კოვზი ტარტარის კრემი

• 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი  

მომზადების წესი

ათქვიფეთ ერთად კვერცხი, შაქარი და რძის დაახლოებით ნახევარი პორცია. დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ, დაუმატეთ მორჩენილი რძე. დაუმატეთ სოდა და ტარტარის კრემი, შემდეგ შეურიეთ გამდნარი კარაქი. გაახურეთ ტაფა ან საცხობი ფირფიტა, მოუსვით ცოტაოდენი კარაქი. სავსე კოვზით დაასხით ორი ან სამი ცალი ცომის მასა (ერთმანეთს არ უნდა ეხებოდნენ). როდესაც ცომს ზედაპირზე ბუშტები გაუჩნდება, სათითაოდ გადმოაბრუნეთ; ხოლო, როცა ორივე მხარე ოდნავ გაუყავისფრდება - მზად არის. მიირთვით რასთანაც მოგესურვებათ: ხილი, ნეკერჩხლის სიროფი, ჯემი - არჩევანი თქვენზეა! ან მხოლოდ შაქრის სიროფი, ისიც ძალიან უხდება. მომზადებისას ცომი დიდხანს უნდა თქვიფოთ და გამოცხობამდე დიდი ხნით არ უნდა დააყოვნოთ“.

 

ავტორი: თეონა მჭედლიშვილი
ზევით