#ბიზნესი

ბლეიკ ლაივლის არაალკოჰოლური Betty Buzz სასმელების ინდუსტრიაში დომინირებს

გაზიარება:

რასაც არ უნდა აკეთებდეს ბლეიკ ლაივლი, იქნება ეს ახალი სამსახიობო როლი, პროდიუსერობა თუ კოსტიუმირებული საღამოს ორგანიზატორობა, ის ყველაფერში იდეალურია, გამონაკლისი არც ბლეიკის ცქრიალა უალკოჰოლო პრემიუმ მიქსერების ხაზი Betty Buzz-აღმოჩნდა, რომელმაც ბაზარზე გამოჩენის დღიდან შეძლო მოწინავე პოზიციის დამყარება.

ბლეიკ ლაივლმა Betty Buzz-ში მთელი თავისი გული ჩადო, მსახიობმა სამი წელი მიუძღვნა კომპანიის მშენებლობას, პირადად მიიღო ყოველი დეტალის შექმნაში მონაწილეობა, შეარჩია როგორც ბოთლების დიზაინი, აგრეთვე უნიკალური გემოები და მხოლოდ ამის შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში, ახალი უალკოჰოლო სასმელი გაყიდვაში ჩაუშვა. მალევე, ბლეიკმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შენიშნა მისი ახალი წამოწყების მიმართ და შეეცადა უკუკავშირი მომხმარებელთან თუ პოტენციურ კლიენტებთან მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო.

უბრალოდ გასაოცარი იყო იმის დანახვა, რისი მიღწევა შეძლო ჩვენმა კომპანიამ რეკლამის ჩაშვების გარეშე. 7 თვე ველოდებოდით, სანამ პირველ სარეკლამო კამპანიას ჩავუშვებდით, მინდოდა, რომ ბრენდს დამსახურებების წყალობით ეარსება და ეს მოახერხა კიდეც - აცხადებს ბლეიკი.

7 თვის შემდეგ შეპირებული სადებიუტო რეკლამაც გამოჩნდა, რომელშიც ბლეიკი თავად იღებდა მონაწილეობას, მხიარული განწყობით საუბრობდა ბრენდის უპირატესობების შესახებ და ხაზს უსვამდა Betty Buzz-ის მრავალფეროვან არომატებს.

„არ მქონდა არანაირი ინტერესი და სურვილი ჩემი სახელი უკვე არსებულ ბრენდთან დამეკავშირებინა. როდესაც რაღაცის შენება გადავწყვიტე, მინდოდა ყველაფერი საკუთარი ხელით შემექმნა, შემექმნა ისეთი რაც ჯერ ბაზარზე არ არსებობდა, რომელიც იქნებოდა საუკეთესო. გაყიდვაში ჩაშვებიდან 7 თვეში ჩვენ გავყიდეთ 2.5 მილიონი ბოთლი, რაც 100 ათასზე მეტ მომხმარებელს ნიშნავს და ეს ყველაფერი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე მოვახერხეთ, ამის დანახვა მართლაც შეუდარებელი იყო“ - აღნიშნა ბლეიკმა.

ბლეიკის Betty Buzz-ის რეკლამა, მეუღლესთან, რაიან რეინოლდსთან და მის Maximum Effort-ის საპროდიუსერო კომპანიასთან ერთად შეიქმნა. ჰოლივუდის კაშკაშა წყვილმა ეფექტურ გზას მიაგნო, ისინი თავიანთ მისწრაფებებს ერთად, ერთიანი ძალისხმევით ახორციელებენ და ყოველთვის გულშემატკივრობენ ერთმანეთს. რეინოლდსმა და მისმა Aviation American Gin-ის ბრენდმა ცოტა ხნის წინ დედის დღისადმი მიძღვნილი რეკლამა გამოუშვეს, სადაც ლაივლის Betty Buzz კლუბის სოდა გამოიყენებოდა ვიდეოს სადღესასწაულო პუნჩის შესაქმნელად.

„Betty Buzz-ის შექმნის იდეა, პირველ ყოვლისა პარტნიორობის სურვილით გაჩნდა. ჩემი ქმარი ჯინის კომპანიის მფლობელია, მე კი სახლის მიქსოლოგი ვიყავი ყოველთვის. ძალიან მიყვარს სასმელების მომზადება სტუმრებისთვის, თუმცა თავად არ ვსვამ. ალკოჰოლური კოქტეილის მომზადებისას შესაძლოა დავაგემოვნო რამდენად სწორად შევარჩიე ინგრედიენტები, სულ ეს არის. ასე რომ, იდეა ჩვენი პარტნიორობიდან გაჩნდა. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ერთად ვაკეთებთ“.

ბლეიკ ლაივლის სამსახიობო კარიერა ფილმით The Sisterhood of the Traveling Pants დაიწყო, რასაც მოჰყვა სერენა ვან დერ ვუდსენის საკულტო როლი, Gossip Girl-ში. სატელევიზიო სერიალში მოპოვებული აღიარების შემდეგ ბლეიკმა მთავარი როლებიც მოიპოვა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Savages, The Adaline of Adaline და A Simple Favor.

გარკვეული პერიოდი ბლეიკი ეკრანებიდან გაქრა, თუმცა მას სამსახიობო კარიერა არ დაუსრულებია, პირიქით, ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინა და პროდიუსერიც ამპლუაც კი მოირგო, რაც მისი მტკიცებით ისეთივე სასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის, როგორც მსახიობობა. პარალელურად კი ლაივლი Betty Buzz-ს ხელმძღვანელობს და აქტიურადაა ჩართული ბრენდის მარკეტინგულ გეგმებსა და მისი განხორციელების გზების ძიებაში.

„სამსახიობო კარიერა რომ დავიწყე 16 წლის ვიყავი, იმ ასაკში ნებისმიერ როლზე თანახმა ხარ, რომელსაც შემოგთავაზებენ. თუ გაგიმართლებს და საკმარისად იღბლიანი აღმოჩნდები, შეგეძლება თავად აირჩიო რომელ როლს შეასრულებ, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ამ პრივილეგიით ისარგებლებ, შესაძლოა იგრძნო, რომ შენ უბრალოდ „დაქირავებული ადამიანი“ ხარ. პირი, რომელიც ამბავს ჰყვება, მე კი ძალიან ხმაურიანი და ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ იმისათვის, რომ ნებისმიერ შეთავაზებას დავთანხმდე. ერთ დღესაც შევნიშნე, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად სრულყოფილად ვგრძნობდი თავს, რადგან არ შემეძლო თავად ვყოფილიყავი ავტორი“ - განაცხადა ბლეიკმა.

„როდესაც დედა გავხდი, კიდევ უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ჩემი დრო ძვირფასი იყო. ამ გოგონებმა თავი თავდაჯერებულად და ყოვლისშემძლედ მაგრძნობინეს, მათ დამაჯერეს, რომ დრო მხოლოდ იმ საქმეებს უნდა დავუთმო, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე მჯერა მართლაც ღირებული თანამშრომლობის და სწორედ აქ ვიღებ სრულყოფილებას, არასდროს ვყოფილვარ პროფესიულად ამაზე ბედნიერი”.

დღესდღეობით ბაზარზე Betty Buzz-ის 5 არომატია ხელმისაწვდომი, ყველა მათგანი მხოლოდ სუფთა ინგრედიენტებისგან მზადდება. სასმლის შეძენა მსოფლიოს მასშტაბით 5500 მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა ონლაინ მაღაზია ჯერ მხოლოდ კანადაშია ხელმისაწვდომი. ბლეიკის და მისი კომპანიის მიზანია გავიდნენ რაც შეიძლება მეტ მომხმარებელზე და სრულად დაიპყრონ სასმელების ინდუსტრია.

ზევით