#მოდა #ცნობილები #მუსიკა

არიანა გრანდეს თვალისმომჭრელი საპატარძლო კაბა

გაზიარება:

არიანა გრანდემ და დალტონ გომესმა საიდუმლო ქორწილის ინფორმაცია დაადასტურეს და მეტიც, სოციალური ქსელის მეშვეობით გამომწერებს თავიანთი მნიშვნელოვანი დღის ფოტოსურათებიც გაუზიარეს. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟს არიანამ ქორწილის თარიღიც 15.05.21 შემატა.

როგორც ინსაიდერები ირწმუნებოდნენ, არიანასა და დალტონის ქორწილის ცერემონია, ნამდვილად ვიწრო წრეში გაიმართა, მათსავე სახლში, წყვილის გვერდს კი მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ამშვენებდნენ. ახლადშეუღლებულებმა საქორწინო ფოტოსესია პირდაპირ მისაღებ ოთახში მოაწყვეს და საშუალება მოქვეს არიანას თვალისმომჭრელი საპატარძლო კაბისთვის შეგვევლო თვალი.

ტანზე მომდგარი, აბრეშუმის უმხრო თეთრი კაბა Vera Wang-ს ეკუთვნის, დიზაინი სპეციალურად არიანასთვის შეიქმნა და მათ თანამშრომლობას წინ პრეისტორიაც უძღვის. 2018 წელს, მომღერალი Met Gala-ზე სწორედ ვერა ვანგის სამოსით წარსდგა, მაშინ დიზაინერმა არიანას პირობა მისცა, რომ მის საპატარძლო კაბას თავად შექმნიდა, როდესაც ამის დრო მოვიდოდა.

არიანა გრანდეს კაბა ოდრი ჰეპბერნის სტილით გახლდათ შთაგონებული, უმშვენიერეს ქმნილება მინიმალისტური ნამუშევარია არიანას პირადი სტილის შტრიხების გათვალისწინებით.

არიანა გრანდემ სამომავლო ქორწინების შესახებ სიახლე დეკემბრის თვეში გაგვიზიარა, როდესაც სოციალურ ქსელში დალტონთან ერთად გადაღებული ფოტოები და ბრილიანტისა და მარგალიტის ნიშნობის  ბეჭედი განათავსა.

წყვილმა ურთიერთობა 2020 წლის იანვარში დაიწყო და ყველაფერი მალევე გახდა ოფიციალური. არიანა და დალტონი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, კარანტინის პერიოდიც ერთად გადააგორეს და როგორც ჩანს ამ პერიოდმა საკუთარი გრძნობებისა და არჩევანის სისწორეში ორივე დაარწმუნა. გომესმა ურთიერთობის დაწყებისთანავე სამუშაო ლოკაცია შეიცვალა და გრანდესთან ახლოს ლოს-ანჯელესში დასახლდა.

ზევით