#მოგზაურობა

2022 წლის სამოგზაურო Wish List-ი

გაზიარება:

2022 წელი განსაკუთრებული ენთუზიაზმით დავიწყეთ, რადგან ვიცით, რომ ამ წელს ჩვენი გეგმების სათავეში სულ მცირე ერთი დაუვიწყარი მოგზაურობა მკაფიოდ, გარკვევით წერია. ბოლო სამი წლის და მსოფლიო პანდემიის ფონზე საკმაოდ დიდი დრო გვქონდა იმისთვის, რომ ეს თავგადასავალი დაგვეგეგმა, თუმცა მიმართულებები და სურვილები ყოველ ჯერზე იცვლებოდა. ახლაც კი, როდესაც 2022 წლის სამოგზაურო wish list-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილებს და ყველაზე სასურველ სასტუმროებს წარმოგიდგენთ, ზუსტად არ ვიცით საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი წლის გეგმის შესრულება.

იქნებ ჩვენს დაუვიწყარ თავგადასავალს იტალიისკენ და მისი მომაჯადოებელი კომოს ტბისკენ მივყავართ, Il Sereno-ს სასტუმროსკენ, პანორამული ხედების და თვალწარმტაცი სანახაობისკენ, რომელიც ყველაფერს დაგვავიწყებს და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალებას მოგვცემს. რატომაც არა?

ამალფის კუნძულს გვერდს ვერაფრის დიდებით ვერ ავუვლით. უკვე დიდი ხანია საოცნებო მოგზაურობას იტალიის კიდევ ერთ ჯადოსნურ მხარეში ვგეგმავთ, იქნებ 2022 სწორედ ის წელია, როდესაც ეს ჩანაფიქრი რეალობად უნდა ვაქციოთ?

იაპონიის საუკუნოვანი კულტურის, ტრადიციების და ყველაზე შთამაგონებელი ცხოვრების წესის ნაწილი ხომ არ გსურთ გახდეთ? თუ იაპონურ მოგზაურობას ზამთარში გადაწყვეტთ, მაშინ ნისეკოს სოფელი და მისი YTL Hotels საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები უკვე მოვლილი გაქვთ და ახლა ყველაფრისგან განსხვავებულ გამოცდილებას ეძებთ, მაშინ ალასკას მისტიკური ყინულოვანი „არქტიკის კარიბჭე” თქვენ გელოდებათ.

სანტორინის შეუდარებელი ხედებით, მზის ჩასვლის ვიდეოებით და მოგზაურებისა და ინფლუენსერების ფოტოებით უკვე რამდენიმე წელია შეპყრობილები ვართ. The Diary-ს რჩეული Mystique Hotel ოიას განაპირა მხარეს მდებარეობს და დამსვენებლებს კუნძულის სიღრმეებში ახედებს.

სანტორინიზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სასტუმრო Vora-ს, რომელიც არა მხოლოდ მომნუსხველი პანორამული სანახაობით გვატკბობს, არამედ სასტუმროს განუმეორებელი ინტერიერის დიზაინითაც გვიპყრობს. თუ თქვენთვის ინტერიერის ასპექტი მნიშვნელოვანია, მაშინ გირჩევთ არჩევანი სწორედ Vora-ზე შეაჩეროთ, რადგან მის მსგავსს მსოფლიოში რამდენიმე სასტუმროს თუ აღმოაჩენთ.

მიკონოსის კუნძულის მრავალფეროვნებაში და სიმშვიდეში ჩასაძირად მოემზადეთ, რადგან Villa Barthez-ი იმ დაუვიწყარი მოგზაურობის სათავე უდავოდ გახდება, რომლისკენაც ასე ძლიერად მივილტვით.

იმისათვის, რომ მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად გექცეთ, აუცილებელი არ არის რაიმე გიჟური მოიმოქმედოთ, საკმარისია ისიც, რომ შვეიცარიის ულამაზეს მთებს ესტუმროთ და Chenot Palace Weggis-ში დეტოქს თერაპიით ისიამოვნოთ.

იუტას (აშშ) ბუნებრივი საოცრებებით მდიდარ მხარეში მოგზაურობა, სხვა გამოცდილებებს არ ჰგავს. ის ერთდროულად მონოტონური და განსაცვიფრებელია. უყურებ შენ გარშემო აღმართულ ბუნებრივ თაღებს და გიგანტურ ქანებს და ვერ გაგიგია, ამ სილამაზეზე უფრო მეტი რატომ არ გსმენია, რატომ ამ დრომდე არ ყოფილხარ ამ საოცრებათა მხარეში.

ზევით