#მოგზაურობა

10 ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხე, მსოფლიოოს სხვადასხვა წერტილიდან

გაზიარება:

ნაძვის ხეები იმ უძველესი ტრადიციის ნაწილია, რომელმაც დროს, მსოფლიო კრიზისს, ომებსა და ვირუსებს გაუძლო და შობისა და ახალი წლის ყველაზე იმედისმომცემ სიმბოლოდ რჩება. ყოველწლიურად, სოფლები და ქალაქები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უზარმაზარი მანათობელი ნაძვის ხეებით ლამაზდება, გამონაკლისი არც წლევანდელი სადღესასწაულო სამზადისი აღმოჩნდა.

 ნათელი და მშვიდობიანი მომავლის სურვილით, წელს ნაძვის ხე აკიაფდა უკრაინის დედაქალაქ კიევშიც, რომელიც თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი გამორჩეულია.

ნიუ-იორკიდან ჰონგ კონგამდე, ლვოვიდან, ლისაბონამდე და პარიზამდე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაც ნაძვის ხეებს, რომლებსაც განსაკუთრებული ატმოსფერო მოაქვს საშობაოდ ამ წელს.

1. Galeries Lafayette, პარიზი

ყოველწლიურად, Galeries Lafayette-ის შუაგულში, უზარმაზარი ნაძვის ხე იდგმება და ყოველ წელს განსხვავებული თემატიკით იმოსება. როგორც ამბობენ, წელს ნაძვის ხე ელატოდან (კლერ კასტილონის მიერ გამოგონილი ნაძვის ხეების პლანეტა) ჩამოვიდა, ყოველ 30 წუთში ერთხელ, ხეზე შუქები ქვრება და მუსიკალური შოუ იწყება.

2. Rockefeller Centre, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკულ შობას არაფერი შეედრება და ამაში დიდი წვლილი ქალაქის სადღესასწაულო სიმბოლოდ ქცეულ როკფელერის ნაძვის ხეს მიუძღვის. ყოველ წელს, როკფელერის ნაძვის ხის ანთება დიდებულ სანახაობად ითვლება, რომელსაც პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს მთელ მსოფლიოში. შობის დღეს როკფელერის საკულტო ნაძვის ხე მთელი 24 საათით ანათებს.

3. დორტმუნდი, გერმანია

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნაძვის ხეს შეგიძლიათ გერმანიაში მიაკვლიოთ. დორტმუნდის ნაძვის ხე 300-ზე მეტი ტრადიციული ხის სტენდისგან შემდგარ ბაზარს ამშვენებს, მისი მონახულება და საახალწლო ბაზრობის დათვალიერება ორმაგი სიამოვნებაა.

4. Trafalgar Square, ლონდონი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობის გადახდის ნიშნად, 1947 წლიდან მოყოლებული ნორვეგია დიდ ბრიტანეთს, ყოველწლიურად დიდ ნორვეგიულ ნაძვის ხეს ჩუქნის. ლონდონის ცენტრში ნაძვის ხე მთელი თავისი დიდებულებით, ტრადიციულ ნორვეგიულ სტილში იმოსება.

5. ვილნიუსი, ლიეტუვა

ამ წელს ლიეტუვას დედაქალაქში ვილნიუსში დიდი ზეიმია, ქალაქი არა მხოლოდ ახალი წლისთვის არამედ 700 წლის იუბილეს აღსანიშნავადაც ემზადება, სწორედ ამიტომ წლევანდელი საახალწლო სამზადისი ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ. წლევანდელი ნაძვის ხე დაბადების დღის ტორტს მოგაგონებთ, როგორც შეხსენება იმისა, რომ ეს ხე დღესასწაულის მხოლოდ დასაწყისია.

6. წმ. პეტრეს ბაზილიკა, ვატიკანი

ევროპის სხვადასხვა რეგიონი ყოველწლიურად ჩუქნის ნაძვის ხეს ვატიკანს. წლევანდელი ხე არის დიდებული თეთრი ნაძვი იტალიის მთის სოფელ როსელოდან, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული თეთრი ნაძვის სახლი.

7. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

სია არასრული იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხის გარეშე. 85 მეტრი სიგრძის ხელოვნური ხე, რომელიც ეყრდნობა ლაგუნაზე მცურავ პლატფორმას, განათებულია სამ მილიონზე მეტი ნათურით. მუსიკალური შოუებითა და ფეიერვერკით, ეს საშობაო ზეიმი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია.

8. კიევი, უკრაინა

უკრაინის დროშის ფერებში განათებული ნაძვის ხე ქვეყნის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და დასაიმედებელი რამ არის, რაც შეიძლება ამ წელს ვიხილოთ. უკრაინელები მედგრად აგრძელებენ ბრძოლას და უკეთესი, ნათელი მომავლის იმედი აქვთ.

9. პრეზიდენტის პარკი, ვაშინგტონი, აშშ

შეერთებული შტატები შობის დაწყებას პრეზიდენტის მიერ ყოველწლიურად 48 ფუტის სიმაღლის ეროვნულ ნაძვის ხის ანთებით აღნიშნავს. თითქმის 2500 სხვადასხვა ფერის ელექტრო ნათურა ამშვენებს ამ საოცრებას, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის 2 დეკემბრიდან.

10. თბილისი, საქართველო

და ბოლოს, ჩვენს ათეულს თბილისის ნამდვილი მშვენება აგვირგვინებს, საახალწლოდ განათებულ ჩვენს დედაქალაქს, მრავალფერად მოციმციმე ნაძვის ხე, განსაკუთრებულ ხიბლს და საახალწლო მაგიას მატებს.

ზევით