#მოგზაურობა

მრჩეველი დამწყები ბიზნესებისთვის - ანა ჭინჭარაულის გზა Instagram კონტენტ კრეატორამდე

გაზიარება:

პროფესიით მარკეტერი ანა ჭინჭარაული, Instagram-ზე პირად ბლოგს @anytravel_ -ს მართავს და 7 ათასზე მეტი გამომწერისთვის, კონტენტ კრეატორის როლს ითავსებს. ანას ბლოგი მოგზაურობის გარშემო ერთიანდება და აუდიტორიას პირადი გამოცდილების საფუძველზე საინტერესო რჩევებს უზიარებს.

როგორც შეითავსა ანა ჭინჭარაულმა მარკეტერთან ერთად, კონტენტ კრეატორის პროფესია, ვინ არის ანას ბლოგის სამიზნე აუდიტორია და რა თვისებები ეხმარება მას საქმიანი და პიროვნული ბალანსის დაცვაში, ამას ანასთან ინტერვიუში შევიტყობთ.

ანა, პირველ ყოვლისა, გვიამბეთ, როგორ გახდით მარკეტერი? რა გზა გაიარეთ?

2018 წელს დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტი. განათლება მარკეტინგის და ადმინისტრირების მიმართულებით მივიღე და მომდევნო წლებშიც ჩემი საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშირდა. 

ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმროს გენერალური მენეჯმენტი. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდისთვის ეს საკმაოდ რთული, თუმცა პროფესიულად საინტერესო და სასარგებლო გამოწვევა აღმოჩნდა.

უახლოეს წარსულში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ტელეკომპანია „პირველის“ კომერციული დეპარტამენტის გუნდის წევრი ვიყავი, შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია შევითავსე.

რაც შეეხება ამჟამინდელ საქმიანობას, კვლავ ჩემი პროფესიით, მარკეტინგის მიმართულებით, რამდენიმე სასტუმროსთან ვთანამშრომლობ, თუმცა, დღეს უკვე ფრილანსერი ვარ, რაც ჩემს შემთხვევაში, ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, შესაბამისად, სამუშაო პროცესიც ბევრად საინტერესო, სახალისო და სასიამოვნოა.

როდის ჩნდება კონტენტ კრეატორის ამპლუა თქვენს ცხოვრებაში და ძირითადად რას მოიცავს ეს საქმიანობა?

სიმართლე გითხრათ, ასე ერთ დღეს არ მიმიღია კონტენტის შექმნის გადაწყვეტილება. თავისუფალ დროს სულ ვცდილობდი ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევას, ყოველთვის მომწონდა საინტერესო მომენტების, ესთეტიკური კადრების დაფიქსირება და შემდეგ ამ ყველაფრისგან პატარა ვიდეო-რგოლების მომზადება. როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ჰობი, შესაძლოა, სასარგებლო ყოფილიყო სხვადასხვა ბიზნესისთვის და ჩემი პროფესიული განვითარებისთვისაც, გადავწყვიტე უფრო მეტი დრო დამეთმო „ჰოსფითალითი“ კონტენტისთვის.

მუდმივად მესმოდა კითხვები „სად დავისვენოთ?“ „სად წავიდეთ?„სად გავერთოთ?“ და მეც სრულიად ბუნებრივად დავიწყე საკუთარი გამოცდილების გაზიარება გამომწერებისთვის.

 ეს დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა. განსხვავებული გემოვნებიდან გამომდინარე, ადამიანები სხვადასხვაგვარ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას, მე კი, საკუთარი ცოდნით, მეტ-ნაკლებად ვუმარტივებდი მათ შერჩევის პროცესს და როდესაც ჩემი რეკომენდაციით მართლაც ისეთ ადგილს ესტუმრებოდნენ, რომელსაც ეძებდნენ, მეტი მოტივაცია და სურვილი მიჩნდებოდა შემექმნა ახალი. 

სამიზნე აუდიტორიაზე რას გვეტყვით?

ჩემს კონტენტს ორი სამიზნე აუდიტორია ჰყავს: გამომწერები, რომლებსაც საჭირო და სასარგებლო ინფორმაციით ვამარაგებ და დამწყები, ახალბედა ბიზნესი, რომელსაც ვეხმარები პირველი ნაბიჯების გადადგმაში. რეალურად, მშენებლობის დასრულების შემდეგ იწყება შიდა თუ გარე პროცესების შენება, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, თანამშრომელთა გუნდის ფორმირებას, ორგანიზაციულ კულტურას და მეორე მხრივ, საკომუნიკაციო ენას და კონტენტს, რომელიც მომხმარებელს ჩვენ ნაცვლად ესაუბრება და წარმოდგენას უქმნის ჩვენი სერვისის შესახებ.

ამ უკანასკნელის გარეშე, ბიზნესი, უბრალოდ, არ იმუშავებს - სწორედ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ჩემი კომპეტენცია მაძლევს უფლებას, რომ კონსულტაცია გავუწიო დაინტერესებულ ადამიანებს.

პროფესიით მარკეტერი ბრძანდებით, რამდენად დაგეხმარათ მთავარი პროფესია სრულიად განსხვავებულ სფეროში ლავირებისას?

ვფიქრობ სწორედ ჩემი პროფესია იყო ერთ-ერთი მთავარი ძალა თუ შესაძლებლობა კონტენტის შექმნისას. მარკეტინგი ძალიან კომპლექსური სფეროა და კონტენტის შექმნის პროცესში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. დამეთანხმებით, რომ კონტენტი არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ზუსტად უნდა იცოდე გამომწერებს როგორ შესთავაზო საინტერესოდ ესა თუ ის პროდუქტი და მომსახურება.

 სწორი პოზიციონირება, უპირატესობების განსაზღვრა და კიდევ უამრავი დეტალია, რომელიც ცალსახად მარკეტერის კომპეტენციაა, ამიტომ ვფიქრობ, რომ არა ჩემი პროფესია, შესაძლოა კონტენტის შექმნის იდეაც არ გამჩენოდა. მეტად თავდაჯერებული ხარ, როდესაც კონტენტის შექმნისას რამდენიმე თვალით შეგიძლია შეაფასო საკუთარი შემოქმედება, გააანალიზო ის კრიტიკულად, ყურადღება მიაქციო ისეთ დეტალებს, რასაც მარკეტერები  უყურადღებოდ ვერ ვტოვებთ.

რა ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში?

მოგზაურობა იმდენად საინტერესოა ჩემთვის, ყველა შესაძლებლობას ვიყენებ ახალი ადგილების, ადამიანების აღმოსაჩენად.

ახლაც, რამდენიმე კვირის წინ, სომხეთში ვიყავი, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად. ეს იყო ჩემი, როგორც ქართველი კონტენტ კრეატორის, პირველი ოფიციალური მოგზაურობა, რომელიც სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, ტურიზმის განვითარების მიზნით. ძალიან კარგი ადამიანები და მოგონებები შევიძინე, 5 დღის განმავლობაში ვეცნობოდით მათ კულტურას, ისტორიას, გასტრონომიას. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა მიწვევისთვის და არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის.

შემდეგი მოგზაურობა აპრილში მაქვს დაგეგმილი ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ქვეყანაში, რომელიც, ზუსტად ვიცი,  კონტენტისთვის ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.

რა შთაგაგონებთ საქმის კეთებისას?

მუსიკა, ემოციები და ადამიანების სიყვარული. შესაძლოა, ცოტა აბსტრაქტულად ჟღერს, თუმცა, მოგზაურობიდან მიღებული ემოციებია ის მთავარი ძალა, რაც ყველაფრის მოტივაციას მაძლევს.

ყველა მოგზაურობას განსაკუთრებული ისტორია აქვს და შესაბამისად მეც უფრო მეტად შთაგონებული ვხდები, რომ კიდევ მეტი აღმოვაჩინო. ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან კომუნიკაცია. ყოველი მოგზაურობის შემდეგ ვცდილობ,  კიდევ უფრო მეტად დადებითი ენერგიებით ვიცხოვრო. რაც შეეხება მუსიკას, ყოველთვის ისე ხდება, რომ კონკრეტული მოგზაურობა რაიმე კონკრეტულ მუსიკასთან ასოცირდება და შესაბამისად ყოველთვის მიცოცხლებს იმ ემოციებს, რასაც მოგზაუარობის დროს განვიცდიდი. წარმოდგენაც არ მინდა მუსიკის გარეშე როგორი მოსაწყენი შეიძლება ყოფილიყო სამყარო. 

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გეხმარებათ საქმიანი და პიროვნული ბალანსის დაცვაში?

რთული სათქმელია, თუმცა გეტყვით რამდენიმე თვისებას, რომელიც, საერთო ჯამში ქმნის ჩემი ცხოვრების განწყობას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიკეთე და სამართლიანობა, ადამიანებშიც ამ ორ თვისებას ვაფასებ ყველაზე მეტად. ვფიქრობ, თუ შენი გონება სიკეთით არის სავსე, ყველაფერი კარგი ხდება შენს თავს.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში განწყობის ფსიქოლოგიით დავინტერესდი და ამ ეტაპზე რაც აღმოვაჩინე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე განწყობიდან მოდის, შესაბამისად რა ენერგიასაც გავცემთ, სწორედ ის გვიბრუნდება უკან. არც ისეთი რთულია ცხოვრება, როგორც ამას უმრავლესობა მიიჩნევს, ყველა სიტუაციას აქვს ორი მხარე და ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ თუ არა ბედნიერი. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის გვაქვს ადამიანებს საბაბი ბედნიერებისა და მადლიერებისთვის, მთავარია საკუთარი თავის მოსმენა შეგვეძლოს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების განცდა. ვისურვებდი, რომ ადამიანებმა დააფასონ ცხოვრების ყოველი წუთი და იცხოვრონ ლაღად, იპოვონ საკუთარი თავის საუკეთესო მხარე, აღმოაჩინონ რა ანიჭებთ ბედნიერებას, სიხარულს, ღიმილს და იცხოვრონ მაქსიმალურად მეტი ემოციის მისაღებად.

რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე?

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ერთი ასეთი კამპანია გვქონდა: „სად ხედავ შენს თავს 5 წლის შემდეგ?“ და მას შემდეგ სულ ჩემს გონებაშია ეს ფრაზა.

მომავალზე ფიქრის დროს აუცილებლად ყველაფერი პოზიტიური და უკეთესია ვიდრე დღევანდელი დღე.
გარდა მოგზაურობის და ჩემი პროფესიული საქმიანობისა, რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც მიმართულია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლებისკენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ დამუშავების პროცესშია ეს პროექტები, დეტალებს ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.
რაც შეეხება Hospitality მიმართულებას, ხვდებით ალბათ, რომ ჩემი გეგმების ნაწილი აუცილებლად იქნება ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, სტუმრისთვის საუკეთესო განტვირთვის ადგილად იქცევა.

ეს საკმაოდ ახლო მომავლის გეგმაა, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი ინტერვიუს დროს ფინჯანი ყავით, მასპინძლის ამპლუაში დაგხვდებით.

ზევით