ქართველების გამარჯვებების სერია გრძელდება და ამჯერად ახალგაზრდა მუსიკოსის, გიორგი გიგაშვილის მორიგ წარმატებას აღვნიშნავთ. 24 წლის პიანისტი Terence Judd-Hallé-ის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. ჯილდო 22 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი პიანისტის, ტერენს ჯადის სახელს ატარებს. პრემიის ლაურეატთა სიაში ისეთი წარმატებული მუსიკოსები გვხვდებიან, როგორიც ელიზაბეთ ბრაუსი და ტომ ბოროუ არიან.
BBC Radio 3 გამარჯვებულს ყოველწლიურად ახალი თაობის გამორჩეული არტისტებიდან არჩევს. პრესტიჟული პრემია 7000 ფუნტის ოდენობის ფულადი პრიზის გარდა, კონცერტების სერიას მოიცავს. გიორგი გიგაშვილი 2024-2025 წლების სეზონზე, კონცერტს მანჩესტერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. ის ასევე Bridgwater Hall-ის სცენაზე წარდგება Hallé-ის ორკესტრთან ერთად და მანჩესტერის კონცერტების სერიის ფარგლებში, სოლო პერფორმანსს შეასრულებს. პრემიის მოგების შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსმა განცხადება გააკეთა:
კარიერის დასაწყისში ასეთი ჯილდოს მიღება უდიდესი ბედნიერებაა და მოუთმენლად ველი გასაოცარ Hallé-ის ორკესტრთან ერთად დაკვრას.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შარშან ქართველი პიანისტი BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილეც გახდა. პროგრამა დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ სცენებზე გამართულ კონცერტებს, სტუდიური ჩანაწერების გამოშვებასა და BBC Radio 3-ის პირდაპირ ეთერში სოლო კონცერტს აერთიანებს. ცნობილია, რომ 16 აპრილს გიორგი გიგაშვილი ლონდონში, BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთან, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაუკრავს.
აღნიშნული ჯილდო გიორგისთვის პირველია დიდი ბრიტანეთიდან, თუმცა მას წარსულში მიღებული აქვს პრიზები ესპანეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და ისრაელში. მისი სადებიუტო ალბომი “Meeting My Shadow”, რომელიც გასულ წელს გამოვიდა, ბეთჰოვენის, ბრამსისა თუ სკრიაბინის ელემენტებს შეიცავს და ნათლად ასახავს მის უსაზღვრო ნიჭსა და შესაძლებლობებს.
Met Gala დიზაინერებისა და სტილისტებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ერთ-ერთი ცნობილი, სტილისტი კუმი კრაიგი გახლავთ, რომელიც წლებია ცნობილი ადამიანების გარეგნობაზე ზრუნავს. წელსაც მისი ხელწერა დაეტყო ირლანდიელი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ლუქს. სტილისტმა მსახიობის ვარცხნილობისთვის American Crew'ს პროდუქცია გამოიყენა.
გამოფენა “საწამლავი წყვილისთვის” ინსპირაციას არტისტის ამავე სახელწოდების მქონე შავ-თეთრი ფოტოსგან იღებს, რომელზეც ორი ვინტაჟური სუნამოს ბოთლია გამოსახული. ექსპოზიცია ქეთი კაპანაძის შემოქმედების ადრეულ პერიოდს მიუყვება და იმ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოში პირველადაა გამოფენილი.
კანის კინოფესტივალი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთის სამხრეთში ყოველწლიურად იმართება. ის 77 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და დღემდე კინოინდუსტრიის მთავარი მოვლენაა. მანამ, სანამ წლევანდელი ფესტივალი დაიწყება, მისი დაარსების ისტორიის უცნობ და საინტერესო დეტალებზე გიამბობთ.